Loading



ავტორების სია » კოლაუ ნადირაძე


დაიბადა : 09.03.1895 წ
გარდაიცვალა : 1990 წ

კოლაუ ნადირაძე დაიბადა 1895 წლის 9 მარტს ქუთაისში. მამამისი იყო ცნობილი თვალის ექიმი გალაქტიონ ნადირაძე, რომელიც, სხვათა შორის, აკაკი წერეთელსაც მკურნალობდა. ცხრა წლისა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში შეიყვანეს. იქ დაუმეგობრდა ტიციან ტაბიძესა და პაოლო იაშვილს.

ბავშვობიდანვე უშიშარი იყო. ათი წლისა რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობდა, ვიქტორ ჰიუგოს გავროშივით იდგა ქუთაისის ბარიკადებზე თავისი მოკლე შარვლით, ხუჭუჭა თმითა და ხელში თეთრი, პატარა ნაჯახით. თანატოლებში ბადალი არ ჰყავდა კრივსა და ტანვარჯიშში.

კლასიკური გიმნაზიიდან ''მგლის ბილეთით'' გარიცხეს რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობისთვის, მაგრამ სიმწიფის ატესტატის აღება მაინც მოახერხა და 1912 წელს მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

პირველი ლექსი ''ავზნიანი ქალაქი'' დაბეჭდა 1916 წ. ჟურნალ ''ცისფერ ყანწებში“. იყო ქართველ სიმბოლისტთა ჯგუფის აქტიური წევრი. პირველი წიგნი ''ბალდახინი'' გამოსცა 1920 წ. სათაურებიდანაც კარგად ჩანს, რომ იგი სერიოზულად იყო “მოწამლული” სიმბოლიზმის სენით: გაღიზიანება, მარტოობა, შიში და სხვა პოეტური ნევროზები. კოლაუ ნადირაძემ განვლო გზა კლასიკური პოეტური აზროვნებისა და ფორმების უარყოფიდან ქართული პოეზიის ძირძველ ტრადიციათა აღორძინებამდე. მან მალე მიაგნო თავის ხმას, რომელიც სინატიფით, სინაზით, სითბოთი, სინათლითა და ამაღლებით გამოირჩევა. ეს არის ტკივილის, ფიქრისა და ოცნების ხმა, საგნებისა და ფერების მუსიკა, რომელიც საუკეთესოდ ჟღერს ლექსებში “ადაჟიო”, “ზღვასთან”, “ჩემს ბავშვებს”, “თამარის ხიდი”, “შემოდგომა იმერეთის სოფელში”, “ოცნება საქართველოზე”, “მთვარის წყალობა” და სხვა. პოეტისთვის გადამწყვეტია ეროვნული სულისკვეთება, მისი შთაგონების წყაროა ქართველ წინაპართა დიდებული სახეები და მისი ღვაწლმოსილი თანამედროვენი. მისი ერთ–ერთი საუკეთესო ლექსია “წიწამურიდან საგურამომდე”, რომელიც პოეტს 1939 წლის შემოდგომაზე საგურამოში, ილიასეულ სახლში დაუწერია. უშიშარი რომ იყო, ეს ღრმად მოხუცებულმაც დაამტკიცა, 1985 წელს გამოაქვეყნა ანტიბოლშევიკური ლექსი “25 თებერვალი. 1921 წელი”, რომელიც მეხივით გავარდა იმდროინდელი კომუნისტური საზოგადოების “მოწმენდილ” ცაზე.

“თოვდა და თბილისს ეხურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი…
თეთრ ცხენზე მჯდომი ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!”

კოლაუ ავტორია პოემებისა („თვრამეტი წელი“, „ფრონტებზე“, „როალდ ამუნდსენ“, „რიონი-პორტი“), მოთხრობებისა და ნარკვევებისა, წერილებისა ქართველ, რუს, სომეხ მწერლებზე, მხატვრებზე, თეატრალურ მოღვაწეებზე, ნათარგმნი აქვს პუშკინის, ბუნინის, ბალმონტის, ბლოკის, ბოდლერის, ვერლენის, ისააკიანის ნაწარმოებები.გარდაიცვალა 1990 წ., დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ნაწარმოებები :



5-ნოემბერი ( 1915 წ. )
სარატოვიდან ჭოლას ნეშტის გადმოსვენება თბილისში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციად ქცეულა. ამაზე მიუთითებს “ცნობა სარატოვის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს საქმეთაგან”.

 

“მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი - ჭოლა ლომთათიძე გარდაიცვალა 1915 წელს, 5 ნოემბერს, ღამე. გადმოსვენების ორგანიზატორები ცდილობდნენ ცერემონიალში ჩაებათ სტუდენტები და მუშები, რათა დაკრძალვას უფრო სადღესასწაულო სახე მიეღო. 8 ნოემბერს მოსკოვიდან ჩამოსულა სახელმწიფო პარლამენტის წევრი ჩხენკელი. 9 ნოემბერს საავადმყოფოდან გამოსვენებისას იქ შეკრებილა ოთხასი სტუდენტი და ორასი მუშა”. თავშეყრილი ხალხისათვის ჟანდარმერიას სიმღერისა და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მიუცია.

 

როგორც ჩანს, მეფის ჟანდარმერია სრულიად მობილიზებული იყო, რომ ჭოლას გადმოსვენება დიდ მიტინგად არ ქცეულიყო.

 

თბილისში გადმოსვენებულ ნეშტს კი უამრავი ქართველი ელოდა. იოსებ მეგრელიძის გადმოცემით: “არც ერთი სოციალისტის გასვენებაზე იმდენი გაბედული სიტყვა არ თქმულა, რამდენიც ჭოლას კუბოსთან ითქვაო”. ხოლო პროფესორი მოსე გოგიბერიძე აღნიშნავს, “მთელი საქართველოს თანხლებით აიტანეს ჭოლას ცხედარი კუკიის სასაფლაოზე”. იოსებ იმედაშვილის ცნობით, დაკრძალვაზე ყოფილა ასამდე გვირგვინი, რომელთაგან 47 რუსეთიდან მოვიდაო”.

 

ჭოლა ლომთათიძის გადასვენება კუკიის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში მოხდა 1957 წელს, იოსებ მეგრელიძის ინიციატივითა და თაოსნობით.

">გარდაიცვალა ჭოლა ლომთათიძე
6-ნოემბერი ( 1880 წ. )
დაიბადა რობერტ მუზილი

სრული კალენდარი

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations